კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ვახტანგ კაკუტაშვილთან ერთად შეხვდა სოფელ მანავის მოსახლეობას. როგორც გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, სოფელ მანავში, ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტების პარალელურად, არსებობს გამოწვევა, რაც მოსახლეობას აწუხებს, კერძოდ, პრობლემურ საკითხად რჩება საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების არასახარბიელო მდგომარეობა.
“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში, სოფელ მანავს საჯარო სკოლისა და საბავშო ბაღის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნება. წარმატებული მერისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა და მათ მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის მუდმივი მუშაობა. აღნიშნული უნარები საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ კაკუტაშვილის ერთ – ერთი ძლიერი მხარეა. მჯერა, ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება მერი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრისა და მათი დროულად მოგვარებისათვის არ დაზოგავს დროს და ენერგიას. წარმატებებს ვუსურვებ ვახტანგ კაკუტაშვილს, როგორც ღირსეულ საგარეჯოელს, თავისი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის პატრიოტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა.