დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემას, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები განხილული იყოს რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. რეგიონებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ძალიან კარგი ფორმატის ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეფორმა, რაც ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული მუნიციპალიტეტების და რეგიონების საჭიროებებზე, რადგან რეფორმები ხორციელდება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იყო წამოჭრილი; რეაგირებებიც ზუსტად ამ საკითხების შეჯამების საფუძველზე მოხდა,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.