ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მიერ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, დასრულდა სასკოლო მარათონის შემაჯამებელი ღონისძიებით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური ნამუშევრები.
ღონისძიებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ყარაულაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის.
კამპანიის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება.