დღეს, ყვარელში, “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
“ღონისძიების ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დავათვალიერე და ყვარლის მოსახლეობასა და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მივმართე. ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენ ენაზე, ვერ დავიცავდით მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები. როგორც სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, სანამ საქართველო იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა, ამ ბუმბერაზმა ერის კაცმა. კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯედ მნიშვნელოვანი პოსტულატები: “მამული, ენა, სარწმუნოება,” „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,“ სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, როგორც ილია მართალი, რადგანაც მთელი თავისი ცხოვრება მან სამშობლოს სიყვარულს შესწირა და როგორც სანთელი, ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.