7 ნოემბერს, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავში საზეიმოდ აღინიშნა „ერეკლეობა.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო საგამოფენო სივრცეები და პავილიონები, საბავშვო გასართობი ზონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
თელავის სასახლის ტერიტორიაზე, მეფის კარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ერეკლე მეორის მოედანზე გაიმართა თელავის ჩოხოსანთა საზოგადოების საზეიმო მსვლელობა და შემდგომი გამგზავრება ცხენებით მცხეთის მიმართულებით.
ასევე, სასახლის საელჩო დარბაზში, სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ერეკლე მეორის ორდენი გადაეცა 2025 წლის კანდიდატებს: ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და სპორტსმენ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი).
სტუმრებისთვის დილიდან განთავსებული იყო სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელაველებს „ერეკლეობა“ მიულოცეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიტროპოლიტი მეუფე დავით (აბბა ალავერდელი), პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე გაიმართა საპატიო თელაველების დაჯილდოებაც. „ერეკლეობას“ ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მთავარ სცენაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით, ხოლო დღის პროგრამა ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა.