სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სწავლის დაწყება მიულოცეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ალადაშვილმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.
„უმნიშვნელოვანესი დღეა, განსაკუთრებით, პირველკურსელებისთვის, ვინც დღეიდან თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლების ათვლა დაიწყეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში. უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენს რეგიონში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, დაარსებიდან საუკუნოვან, ისტორიულ თარიღს ახლო მომავალში ღირსეულად იზეიმებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და პედაგოგ-მასწავლებლების ღირსეული დაფასება. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებით, გამარჯვებებით სავსე აკადემიურ წელს,” – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.