გივი მიქანაძე, გელა სამხარაული და გიორგი ალადაშვილი, შალაურის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლის ინფრასტრუქტურას და არსებულ საჭიროებებს გაეცნენ. მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ახლად აშენებული და რეაბილიტირებული სკოლების გახსნის პარალელურად, მოქმედ სკოლებში არსებულ ვითარებას ეტაპობრივად გაეცნობა. სკოლებში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად კი, მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით.