დღეს, თელავში, ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართება.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება მევენახე – ფერმერებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები.
ტერიტორიაზე მისული სტუმრებისთვის ჩატარდება თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღეებენ ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ბლენდის შესაქმნელად. ზეიმში მონაწილე ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ჯიშის ღვინიდან შეირჩევა საუკეთესოები. შერჩეული ჯიშის ღვინოებისგან სპეციალურად შეიქმნება ბლენდი – „მეფე ერეკლეს ღვინო.” პროფესიონალი სომელიებისა და დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს გამარჯვებული ბლენდის ავტორს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება. კონკრეტულად კი, ნატურალური პროდუქტის – ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების და მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პოპულარიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერია – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ღვინის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“; შპს „შიოს მარანი“; შპს „ფორევერ ჯორჯია ტურ“; შპს „სენა ავტო.”