ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ქალაქ თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სკოლებში სტუმრობისას მინისტრის პირველმა მოადგილემ დაათვალიერა ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები.
კხეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში დასრულებულია სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და დასრულდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
აღსანიშნავია, რომ სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, დამონტაჟებულია ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.