დღეს, კახეთის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი განიხილეს.

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის საკითხი, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძესთან და მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად, განიხილეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა პლატონ კალმახელიძემ, გივი მეტრეველმა და ლევან ლილუაშვილმა.
სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გაგრძელდება 2025 წლის ბოლომდე. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.