საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა მიხეილ ყაველაშვილი. კანდიდატურის წარდგენასთან დაკვშირებული კონსულტაციები გაიმართა დღეს, უმრავლესობის სხდომაზე,  „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში.
მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა პრესკონფერენციაზე წარადგინა  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არაპირდაპირი წესით.  საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფლობს „ქართული ოცნება.” აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს „ქართული ოცნების“ მიხეილ ყაველაშვილი.
“მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.
მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს,“ ვლადიკავკაზის „ალანიას,” „მანჩესტერ სიტის,“ წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს.
პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან, წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წელს პირველად, ამერიკული მოდელით ჩატარდება 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია გაიმართება 29 დეკემბერს.