თელავში 900 წლოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, 900 წლოვანი ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით მიმდინარეობს სხვლა და ფორმირების სამუშაოები, რომელიც ხორციელდება ყოველწლიურად.
მიმდინარე სამუშაოები, კონრტაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან და სპეციალისტთან ერთად, ადგილზე მოინახულა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  ჭადრის ხის სხვლისა და ფორმირების სპეციალური სამუშაოები გულისხმობს ხმელი ტოტების მოჭრას, ამონაყარის ოპტიმიზაციას, არასწორად მზარდი ტოტების, გადამკვეთი და ხახუნა ტოტების მოცილებას, ჰაეროვნების ნათელი სივრცის შექმნას.
სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ხის შიდა გრუნტის დამუშავებას, დასუფთავებასა და ახალი გრუნტით შევსებას(ფესვთა ყელის და შტამბის სადგარის არეალში).
არსებული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის, ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, სხვლისა და ფორმირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, 900 წლოვანი ჭადრის ხე დამუშავდება ფიტოსანიტარულად.
შეგახსენებთ, რომ ჭადრის ხის სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 22 000 ლარის ოდენობით.