მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს 25 ნოემბერს წარედგინება

არჩევნების შედეგები შეჯამდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, ხოლო 325 ათასზე მეტი ხმით – მთელ რადიკალურ ოპოზიციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს და ცესკოს შესაბამის წევრებს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მისი დასუსტება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს სიძლიერე და ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება.
მთავრობის მეთაური სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა და მას სერგო ორჯონიკიძის გზავნილი უწოდა. პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს სახეს და კარგია, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს, ვინაიდან ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს.
ირაკლი კობახიძემ პროცესების სათანადო მართვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანაა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს 25 ნოემბერს წარედგინება. ამასთან, საქართველოს მთავრობა პარლამენტს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განსახილველად მიმართავს.