2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

16 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რასთან დაკავშირებითაც დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან, გელა სამხარაულთან, ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურ, ნიკოლოზ ვაშაყმაძესთან, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, ერთად, სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ტრადიციული თუშური დატირება შეასრულა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “კესელომ.”
“გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა! გიორგი ანწუხელიძის სახელი, ისევე როგორც, სამშობლოსათვის ომში დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნა, ქართველი ხალხის გულში უკვდავია. გადის წლები და მათი გმირობის ისტორია, სულისკვეთება და თავდადება თაობიდან თაობას გადაეცემა. გიორგი ანწუხელიძეს ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც საკუთარი სამშობლოს ერთგულ პატრიოტს და სამშობლოსათვის თავგანწირულ შვილს. დიდება გმირებს!”– განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.