29 ივლისს, თელავში, ნადიკვრის პარკში, გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტის – “ხალხურის” სახალხო მოსმენა.
კონკურსში, რომლის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორიც იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერია, მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა, იმედი გამოთქვა, რომ კონკურსის საბოლოო დასკვნით ეტაპზე, თელავის მუსიკალური გუნდებიც წარსდგებიან საზოგადოების წინაშე.
“ახალი სატელევიზიო პროექტის – “ხალხურის” რეგიონული ქასთინგის ერთ-ერთი ტური ჩატარდა თელავში, სადაც მოწვეული იყვნენ კახეთის მხარის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არიან ინდივიდუალური შემსრულებლებიც, საოჯახო ანსამბლები.. რასაკვირველია, თელავის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად არის ჩართული როგორც პროექტის მხარდაჭერაში, ასევე მის ორგანიზებაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ მასპინძლები და მაქვს ძალიან დიდი იმედი იმის, რომ თელავის ანსამბლები საუკეთესოდ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს და იმ ათეულში, რომელიც პროექტის შედეგად უნდა შედგეს, წარმოდგენილი იქნება თელავიც”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში კონკურსების ჩატარების შემდეგ, პროექტი – “ხალხური” დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.