თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან უფასო კურსზე რეგისტრაცია გრძელდება.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს. ამასთან, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა და სურვილის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლად დასაქმება როგორც კერძო, ისე საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.
კურსი დაიწყება 2024 წლის 10 ივლისს და დასრულდება 25 ივლისს. რეგისტრაცია შეუძლიათ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24+ წლის ქალებს, რომელთაც გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა და აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა 2 ივლისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარადგინონ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასლები, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით: https://form.jotform.com/241192582690359, ელ-ფოსტით: Qalebiskursi@gmail.com, ან თელავის მუნიციპალურ სამსახურში საბუთების წარდგენით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და შემოწმდებიან ავტომობილის მართვის უნარებზე.