ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე ცნობილი ადამიანის მძიმე ცხოვრებისეულ ამბავს, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ თავიანთი ოცნების ასასრულებლად და უამრავი წარუმატებელი მცდელობის მიუხრდავად, არ დანებდნენ:
სტივენ კინგი
როცა წერა დაიწყო, მწერალს არაფერი გააჩნდა. ის და მისი აგრეთვე მწერალი ცოლი ტრაილერში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა წვრილმანი სამუშაოებით ძვლივს გაჰქონდათ თავი. იმდენად უჭირდათ, ტელეფონიც არ ჰქონდათ და საკუთარ ქორწილშიც ნათხოვარი ტანსაცმელი ეცვათ.
კინგი იმდენ უარს იღებდა გამომცემლობისგან, უარის წერილების შენახვის სისტემაც კი შეიმუშავა. ,,პატარა ლურსმანი ვეღარ იტევდა მასზე მიმაგრებულ ბარათებს, ამიტომ უფრო დიდი ლურსმანი ჩავარჭე კედელში და წერა განვაგრძე“, – გაიხსენა მერე მწერალმა. 60-ჯერ უთხრეს უარი გამოცემაზე, ვიდრე თავის პატარა მოთხრობას დაბეჭდავდნენ, 35 დოლარად. შემდეგში ბესტსელერებად ქცეულ წიგნებზეც კი უარს ეუბნებოდნენ. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გამოვიდა.
ჯიმ ქერი
მსახიობი 14 წლის იყო, როცა მამამისმა სამსახური დაკარგა და ოჯახში კრიზისი დაიწყო. ისინი ნათესავის ტრაილერში გადასახლდნენ და უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდნენ. თავი რომ ერჩინა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჯიმი დღეში 8 საათი ქარხანაში მუშაობდა დამლაგებლად სწავლის პარალელურად.
15 წლისა პირველად გამოვიდა სცენაზე დედამისის შექმნილი კოსტიუმით და საშინლად წარუმატებლად, თუმცა ბრძოლა გააგრძელა. 16 წლისამ სკოლას თავი დაანება და მთელი დრო კომიკოსობას მიუძღვნა. მალე ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, მანქანებს აპარკინგებდა და მომავალი წარმატების ვიზუალიზაციით იყო გართული. ერთხელ 10 000 000 ჩეკიც კი გამოუწერა საკუთარ თავს მომავალი საქმეებისთვის, რომელიც 1995 წლის მადლიერების დღით დაათარიღა და ამ ჩეკს იქამდე ინახავდა, ვიდრე რეალობაშიც არ გადმოიტანა. სწორედ 1995 წელს, ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე გააფორმა ხელშეკრულება ფილმისთვის ,,Dumb and Dumber”.
ჯოან როულინგი
1994 წელს, მისი პირველი წიგნის – ჰარი პოტერის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, იგი ქმარს გაცილდა და თავის პატარასთან ერთად სოციალური დახმარების იმედად დარჩა. ისე უჭირდა, თვითონ შიმშილობდა, ბავშვი რომ გამოეკვება და რადგან კომპიუტერის ყიდვისა და ასლების გაკეთების საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი ხელით ბეჭდავდა წიგნის ყველა ვერსიას გამომცემლებთან გასაგზავნად. გამოცემაზე ბევრჯერ უთხრეს უარი, სანამ ერთი პატარა გამომცემლობის დირექტორის 8 წლის გოგონამ არ წაიკითხა და ჰარი პოტერზე შეყვარებულმა მამას მისთვის მეორე შანსის მიცემა არ თხოვა.