თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის კადეტთა ევროპის თასი 2024 ოფიციალურად გაიხსნა.
დღევანდელი ღონისძიება ევროპის ძიუდოს კავშირის და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა გახსნა.
“თელავისთვის, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერისთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა, რომ თელავი, ისტორიაში პირველად, ასეთი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას – ძიუდოში ევროპის თასს მასპინძლობს.
ვამაყობ, რომ შეჯიბრის მონაწილეებს შორის არიან თელაველი ახალგარზდა ძიუდიესტები.
ღონისძიების ორგანიზებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ევროპის ძიუდოს კავშირს.
შეჯიბრში მონაწილეებს კი წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
ევროპის თასზე სპორტსმენები 14 ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას. დღევანდელი შეჯიბრი გაიმართა ვაჟებში -50კგ, -55კგ, -60კგ, -66კგ და გოგონებში -40კგ, -44კგ, -48კგ, -52კგ წონით კატეგორიებში.
თელავში ჩატარებული ევროპის თასის პირველი ტურნირი თელაველი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა.
დღეს, ევროპის თასის გამარჯვებული სპორტსმენები ლუკა ქალიაშვილი(-55კგ) და მერაბ სამადაშვილი(-66კგ) გახდნენ.