„თელავის გაზეთთან“ შეხვედრის ინიციატივა მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს

დღეს თელავის მე-7 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების სურვილით და ინიციატივით „თელავის გაზეთის“ რედაქტორი, ნელი ცქიტიშვილი და ჟურნალისტი, ნინო პაატაშვილი იმყოფებოდნენ.

შეხვედრის მიზანს, მოსწავლეებისთვის პროფესიული საქმიანობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა, რათა ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას შეძლონ სწორი არჩევანის გაკათება და ჟურნალისტური პრაქტიკა სკოლაში მიიღონ.

„თელავის გაზეთის“ რედაქტორმა, ნელი ცქიტიშვილმა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები ჟურნალისტიკის ირგვლივ და მოისმინეს ამომწურავი პასუხები.

მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის, მაია სილაგაძის თქმით, ის მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების საჭიროებაზე და არასდროს ტოვებს მხარდაჭერის გარეშე მოსწავლეების ინიციატივებს.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რადგან ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უკეთ გააკეთონ არჩევანი მომავალი პროფესიის არჩევისას. მათი სურვილი იყო ადგილზე მოგვეწვია ჟურნალისტები თქვენი სახით. მე რათქმაუნდა მათ სურვილებს ყოველთვის პატივს ვცემ და სწორედ ამიტომ, შედგა ეს შეხვედრა. ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა მოსწავლეების მიერ მოულოდნელად გაჟღერებული იდეა, სკოლის დირექტორთან ინტერვიუს შესახებ. ძალიან გამიხარდა, რადგან ამით მომეცემა შესაძლებლობა ბავშვებს გავუზიარო ჩემი განვლილი გზა – სკოლის დირექტორობამდე და მას შემდეგ”.. – განაცხადა მაია სილაგაძემ.

მეშვიდე საჯარო სკოლის მეშვიდე ა კლასის მოსწავლეების დამრიგებლის, ნათია ბაღათრიშვილის თქმით, ახალგაზრდებისგან იდეა, სკოლის გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებით წამოვიდა ერთ-ერთი არაფორმალური შეხვედრის დროს.

მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს იდეები და გეგმები, რომელიც ითვალისწინებს სკოლის გაზეთის გამოცემას, სადაც მოსწავლეების მიერვე მომზადდება სკოლაში მიმდინარე, საინტერესო და აქტუალური ამბები.