წელს 100 წელი შესრულდა თელავში პირველი გაზეთის გამოსვლიდან – „ახალგაზრდა ქართველი,“ რომელიც 1919 წლის იანვარში გამოვიდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა.
„თელავის გაზეთის“ რედაქტორი, პროფესიით ჟურნალისტი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ნელი ცქიტიშვილია, რომელმაც „თელავის გაზეთის“ პირველივე გვერდზე განათავსა მოკლკე ისტორიული ცნობები, გაზეთში ვკითხულობთ:
‘’„ახალგაზრდა ქართველით“ დაიწყო და „თლავის მოამბით“ დასრულდა „ეპოქა დიდი,“ თუმცა დასრულება, პირობითი ცნებაა, რადგან არ შეიძლება დასრულდეს ის, რაც საზოგადოების ინტერესშია, რაც ცხოვრებისეული სინამდვილის ასახვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ის, რაც ისტორიას ქმნის!“ – ნელი ცქიტიშვილი.
“თელავის გაზეთის” პირველი ნომერი, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, პირველად გამოიცა.
მოსახლეობის ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თელავში ბეჭდური მედია დაბრუნდა, რომლის ისტორიაც 100 წელზე მეტს ითვლის. “თელავის გაზეთის” პირველი ნომრის პრეზენტაცია თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.
„თელავის გაზეთი“ ნელი ცქიტიშვილის რედაქტორობით ყოველი თვის ბოლოს გამოიცემა და იგი ხელმისაწვდომი იქნება თელავში არსებულ პრესის ჯიხურებში, მთავარ ბიბლიოთეკასა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში.