სკოლის კვებითი ობიექტებისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნებიდამტკიცდა.

სამინისტროს ცნობით, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);

ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;

გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;

დ) დაკონსერვებული პროდუქტები;

ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;

ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;

ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;

ი) ყავა.