თელავში ქალაქის ცენტრალური ადგილების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური ლოკაციების გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების,, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მერიის ცნობით, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიანი ნარგავები უკვე განთავსდა რუსთაველის ქუჩაზე, ისტორიული ჭადრის ხის მიმდებარე სკვერსა და მეფე ერეკლე მეორის ძეგლის გარშემო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას და მიმდებარე ტროტუარებს.

ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა კარფანჯრები, მოეწყო განათება და რეკრეაციული სივრცეები. სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 9 000 000 ლარი შეადგინა. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. – ნათქვამია თელავის მერიის ოფიციალურ ინფორმაციაში