მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.
„მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, განათლებული თაობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი, მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდ შრომას ეწევით ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.
ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ,“– ირაკლი ღარიბაშვილი.