2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის ონლაინ შესაძლებლობის იდეაზე საუბრობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) – ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში იგეგმება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობასთან და ხელმოწერების შეგროვება. ამასთან, ლევან ცუცქირიძის განმარტებით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობის მიცემა დამატებითი უბნების გახსნით რთულია, რადგან ძალიან ბევრი უბანი უნდა გაიხსნას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ უფრო მისაღები ალტერნატივას წარმოადგენს ონლაინ ხმის მიცემა.
„საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლო როლი აქვთ ათასობით ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფასა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკაში. ამის მიუხედავად, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. დისტანციური/ონლაინ ხმის მიცემის სისტემები ამის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობა პოლიტიკურად უსამართლოა და აზიანებს ემიგრანტთა პოლიტიკურ უფლებებსა და წარმომადგენლობით დემოკრატიას საქართველოში,“ – აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
EECMD მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მრავალპარტიული კონსულტაციები ამ საკითხზე და მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება დაუთმონ აღნიშნულ საკითხს.