სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27.8 მლრდ ლარს შეადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს.
ამასთან, ბიუჯეტის პირველადი პროექტით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24.161 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2.281 მლრდ ლარით მეტია. წელს ბიუჯეტის გეგმა 21.880 მლრდ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იზრდება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე შრომის ანაზღაურებაც. კერძოდ, მომუშავეთა რიცხოვნობა მოიმატებს 112 990-დან 113 978 ადამიანამდე, შრომის ანაზღაურება კი გაიზრდება 2.236 მლრდ ლარიდან 2.518 მლრდ ლარამდე.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით ასე გამოიყურება:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 7.735 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 876.580 მლნ ლარითაა გაზრდილი.
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.340 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 309.2 მლნ ლარით აღემატება.
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 460 მლნ ლარით, ზრდა 28.7 მლნ ლარი.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 350 850 000 ლარით, ზრდა 19,9 მლნ ლარია.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 685 მლნ ლარს, კლება 13.480 მლნ ლარია.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 646 მლნ ლარი, ზრდა 87.820 მლნ ლარი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 114 მლნ ლარს; ზრდა 8 მლნ ლარი.
- იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 400 მლნ ლარი; ზრდა 7,6 მლნ ლარი.
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 187.5 მლნ ლარი; ზრდა 1.5 მლნ ლარი.
- თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.370 მლრდ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110 მლნ ლარით აღემატება.
- შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.210 მლრდ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 104 მლნ ლარით აღემატება.
ცნობისათვის, ეს არის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.