არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის/Network of Centers for Civic Engagement-NCCE ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვანთასა და აკურაში გაიმართა ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე.
„დისნეის მულტფილმების ჯადოსნურ ისტორიებზე არაერთი თაობა გაიზარდა. ანიმაციების სამყარო განსაკუთრებულად ზღაპრული დიდ ეკრანზეა, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კინოთეატრები არ ფუნქციონირებს.
ჩვენ გადავწყვიტეთ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელებში – ვანთასა და აკურაში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობა ერთი დღით შეგვეცვალა და ახალგაზრდების სურვილით კინოსეანსი ფეხბურთის სტადიონზე მოვაწყვეთ.
ვერცერთი სიტყვით ვერ აღვწერთ სტადიონზე მყოფი ბავშვების ემოციებს, რომელიც დიდი ცისფერი ეკრანის ანთებას მოჰყვა. კინოსეანსის ამბავი სოფელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და უფროსებიც შემოგვიერთდნენ.
კინო ხომ ადამიანის მსოფლმხედველობას აყალიბებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაზე,“ – ნათქვამია თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინფორმაციაში.