ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდირებას 2023 წლის რთველის ფარგლებში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.

 რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

 გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და 1კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობამეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.