ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი და აბიტურიენტების რაოდენობა ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით და დასრულდება 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის დეტალური სტატისტიკა:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;

სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული.

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;

მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.