თელავის მუზეუმში ებრაელი მხატვრის, პატრიცია დელონის გამოფენა გაიხსნა

დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა პოეტისა და თვითნასწავლი მხატვრის, ქველმოქმედი ქალბატონის, პატრიცია დელონის პერსონალური გამოფენა – ,,შენს საუფლოში გავბედე მოსვლა.

გამოფენაზე მხატვარმა წარმოადგინა 26 ნამუშევარი, როგორც სიმბოლო ქართველი და ებრაელი ხალხის 26 საუკუნიანი მეგობრობისა.

პატრიცია დელონი გახლავთ ქართველი ებრაელი ქალბატონი. მას ადრეულ ასაკში მოუწია სამშობლოს დატოვება,თუმცა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა ის ისევ საქართველოში დააბრუნა.

მხატვრის ინსპირაცია ქალის თემატიკაა. მას დახატული აქვს ასი სხვადასხვა ხასიათის მქონე ქალის სახე და ყველა ქალს თავისი გამორჩეული ისტორია აქვს, რასაც მნახველის თვალი ადვილად შეამჩნევს. მის მიერ ტილოზე გაცოცხლებული თითოეული პერსონაჟი საკუთარ ამბავს ყვება, ამბავს, რომელსაც ვხედავთ, ვგრძნობთ და განვიცდით.

მხატვარს მოწყობილი აქვს სამი პერსონალური გამოფენა საქართველოში და ერთი ისრაელში. მისი ნახატები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ისრაელში, უკრაინაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ხელოვანს თბილისში აქვს საკუთარი გალერეა, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 29 -ში, თავისივე პატარა ბუტიკ სასტუმრო – ,,Galleri art hotel“- ში.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოფენა გაგრძელდება 16 მაისის ჩათვლით