3 მაისს თელავში იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

თელავში, ძველი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 მაისს, 15:00 საათზე, ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მხარს უჭერს თელავის მუნიციპალიტეტის მერია და ევროკავშირი.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კვირეულის ფარგლებში, თელავში, ძველი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერაქტიური წარმოდგენა გაიმართება: „სამი ამბავი ვაქცინაციაზე,“ მოთხრობილი იქნება ვაქცინაციის ისტორია და მნიშვნელობა. წარმოდგენას „მოძრაობის თეატრის“ დასი გამართავს.

„2020-2022 წლებში საქართველოში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაცია, რაც, ნაწილობრივ, პანდემიითაცაა გამოწვეული. ბევრმა ბავშვმა გამოტოვა ვაქცინების რეკომენდებული დოზები, ან დაირღვა ვაქცინაციის კალენდრით დადგენილი ვადები. შედეგად, ბავშვები დაუცველები ხდებიან ისეთი საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელა, დიფთერია თუ პოლიომიელიტი.

ვაქცინაციით შესაძლებელია საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.“– ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.