თელავში 25-26 მარტს საჯარო კონსულტაცია ჩატარდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თელავში, 25-26 მარტს, ჩატარდება საჯარო კონსულტაციები თემაზე:

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა 2023-2024.

„თელავის მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს და სურვილს გამოთქვამს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავოს 2023-2024 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა.

თელავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება საჯარო კონსულტაციის გამართვის ინოვაციური მეთოდოლოგიის – სამოქალაქო ლაბორატორიის (CivicLab) გამოყენებით იგეგმება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოქალაქეთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

CivicLab მეთოდოლოგია გულისხმობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობით, სისტემატიზირებულ და დროში გაწერილ საჯარო კონსულტაციის ციფრულ მოდელს, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება და ამავდროულად, მინიმუმამდეა დაყვანილი სუბიექტური პოზიციების დომინირების რისკი. ამ კუთხით CivicLab-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას სხვადასხვა საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიისათვის, რაც ხელს უწყობს მმართველობით საქმიანობაში მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული აქტორების ჩართულობასა და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.

საჯარო კონსულტაციის ამოცანაა მონაწილეობითი პრინციპების დაცვით, დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით, შემუშავდეს წინადადებები თელავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმისათვის.

აღწერილი პროცესი დამატებით სტიმულს მისცემს და წაახალისებს ადგილობრივ ინიციატივებს, რაც ზრდის კონსულტაციების შედეგად მიღებული პროდუქტის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხს და უზრუნველყოფს გეგმის შემდგომი განხორციელების მდგრადობას.

აღნიშნული საკონსულტაციო მექანიზმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩაერთოს გეგმის შემუშავების პროცესში, გაუზიაროს მუნიციპალიტეტს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები და იდეები. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო და ბიზნეს სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.

მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/…/1FAIpQLSfMPaLAhhocQ0612t…/viewform

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა არის : 21 მარტი.

კონსულტაციის გამართვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (დრო/ადგილი) მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სახელი/გვარი: ნელი აბეჩხრიშვილი

ტელ: 599 560 283

ელ.ფოსტა: abechkhrishvilin@gmail.com

საჯარო კონსულტაციები ორგანიზებულია თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ევროპის

საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ექსპერტული მხარდაჭერით.“ – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.