თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ამერიკის ელჩს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, თენგიზ მთვარელიშვილს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, განვითარების პერსპექტივებზე და კახეთის, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილის ავთენტურობასა და ამოუწურავ პოტენციალზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო საელჩოს მიერ დანერგილი და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, თელავში მოქმედი ამერიკის კუთხის გაფართოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

თელავის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. ხოლო შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.