რა მნიშვნელობის და ისტორიული შინაარსის გამომხატველია სახელმწიფო დროშა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს საზოგადოებას და საუბრობს დროშის ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე.

როგორც ჰერალდიკის საბჭო აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სიმბოლოს, რომელშიც განივთებულია სახელმწიფოებრიობის უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.

 საქართველოს სახელმწიფო დროშა მიჩნეულია ერთერთ უძველეს დროშად. გორგასლიანდავითიან დროშად წოდებული თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, მისი ტერიტორიის აღმნიშვნელი სიმბოლოა.

 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, დადგა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენის საკითხი. 2004 წლის 14 იანვარს, სამეცნიერო და სამართლებრივი საფუძვლების მომზადების შემდეგ, დადგინდა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

 საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის უზენაეს ატრიბუტს და მისი მხატვრულშინაარსობრივი სახე განსაზღვრავს ყველა სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ხასიათს.

 საქართველოს სახელმწიფო დროშის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო მომსახურეთა და სამართალდამცავ პირთა განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დოკუმენტები და სიმბოლოთა ერთობლიობები.

 საქართველოს მოქალაქის ღირსების და დაცულობის სიმბოლო სახელმწიფოს საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში მონაწილეობს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“ – ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.