საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში შობის დღესასწაული აღინიშნა

7 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში აღევლინება საშობაო წირვა.

საშობაო ლიტურგია გაიამართა ზუგდიდის ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვა აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ქავთარაძემ. საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

საშობაო ლიტურგია აგრეთვე აღევლინა ქუთაისში, მაცხოვრის შობის ტაძარში. მიტროპოლიტმა იოანემ მრევლი დალოცა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. საზეიმო წირვა აღავლინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, სასულიერო პირებთან ერთად. მეუფე დავითმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტე შობის დღესასწაული მიულოცა და ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე.

შობის დღესასწაული იზეიმეს აჭარაში, საშობაო წირვა ყველა ტაძარში აღევლინა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. სასულიერო პირებმა მრევლი დალოცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ატენისა და გორის ეპარქიაში. ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, ხოლო 12: 00 საათზე გორში გაიმართა ტრადიციული საშობაო მსვლელობა.