2022 წელი მსოფლიოს წამყვანი სააუქციონო სახლებისთვის, Christie’s-ის, Sotheby’s-ისა და Phillips-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა ხელოვნების ნიმუშების გაყიდვების თვალსაზრისით.
Christie’s-ის განცხადებით, სააუქციონო სახლის გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 8.4 მილიარდ აშშ დოლარი რაც, მისივე ცნობით, ხელოვნების ბაზრის ისტორიაში საუკეთესო წლიური მაჩვენებელია.
Sotheby’s-ის შემთხვევაში გლობალურმა გაყიდვებმა მიაღწია თითქმის $8 მილიარდს, რაც სააუქციონო სახლისთვის საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს თანხა არ მოიცავს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების გაყიდვებს. 2022 წელი საუკეთესოდ გამოაცხადა ბევრად უფრო მცირე ზომის სააუქციონო სახლმა, Phillips-მა, რომლის გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი.
Sotheby’s-ის $8-მილიარდიანი გაყიდვებიდან $6.8 მილიარდი სახვითი ხელოვნების ნიმუშებსა და ფუფუნების საგნებზე მოდის. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $7.3 მილიარდი შეადგინა, რაც წელს გაყიდვების 7%-ით კლებაზე მიანიშნებს. დარჩენილი 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მანქანების აუქციონიდან, RM Sotheby’s-იდან და უძრავი ქონების აუქციონიდან, Sotheby’s Concierge Auctions-იდან შეგროვდა.
რაც შეეხება Phillips-ს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აუქციონებით არის სახელგანთქმული, მიმდინარე წელს მან ასეთი ნამუშევრების რაოდენობა კატალოგში დაახლოებით 50%-ით გაზარდა. აქვე უნდა ითქვას, რომ წელს Phillips-ის აუქციონზე შედგა 148 მხატვრის დებიუტი. სააუქციონო სახლის მიერ გაყიდულ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებს შორის ჟან-მიშელ ბასკიასა და საი ტვომბლის უსათაურო ნამუშევრებს ვხვდებით. პირველი მათგანი 85 მილიონ აშშ დოლარად, მეორე კი 41.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
Christie’s-ის სააუქციონო სახლმა $6.2 მილიარდი მხოლოდ XX-XXI საუკუნის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით შეაგროვა. რაც შეეხება კლასიკოსების კატეგორიას, რომელშიც მას უფრო ძველი პერიოდის ხელოვანების ნამუშევრები შეაქვს, სამახსოვრო და ანტიკვარულ ნივთებთან ერთად, გაყიდვებმა შეადგინა 789 მილიონი აშშ დოლარი. Christie’s-ის ფუფუნების საგნების კატეგორიიდან კი $1 მილიარდი შეგროვდა. აზიური და მსოფლიო ხელოვნების კატეგორიიდან სააუქციონო სახლმა $400 მილიონის ნამუშევრები გაყიდა.
Christie’s-ზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია Microsoft-ის გარდაცვლილი თანადამფუძნებლის, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია. მისი გაყიდვით საერთო ჯამში დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეგროვდა.
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ 2022 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულიდან შვიდი სწორედ Christie’s-მა გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით ($7.1 მილიარდი), Christie’s-ის გაყიდვებიდან მიღებული თანხა 18.3%-ით გაიზარდა. 6.7%-ით გაიზარდა გაყიდული ლოტების რაოდენობაც 43,386-დან 46,322-მდე.