16 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურა საგრძნობლად დააზიანა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსი ფიცხელაურთან, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილთან, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პანკისის ხეობის სოფლების – დუისის და შუა ხალაწნის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ამ დროისთვის, სოფელ შუა ხალაწანში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდ-ბოგირზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიამ ასევე, დააზიანა სოფელ დუისში არსებული ზემო ალაზნის სარწყავი არხის დამცავი ჯებირები და სოფელ დუმასტურში არსებული სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომლის მეშვეობით მარაგდება სოფელ დუისის მოსახლეობის ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარების პარალელურად, მოსახლეობა წყლის მიწოდებით უზრუნველყოფილია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ.