თელავში, 23 მაისს, გაიმართება „ისტორიული და კლასიკური ავტო-მოტო ფესტივალი 2026.”
ფესტივალი, რომელიც იმართება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, „საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის,” „Porsche Club Georgia“ და „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ მხარდაჭერით, ეძღვნება ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ისტორიული და კლასიკური ავტომობილები და მოტოციკლები, სუპერქარები, პროექტის ტიპის ტრანსპორტი, ხელნაკეთი ვერტმფრენები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას: მუსიკალური ბენდის „Cover City,“ მოსიარულე დრამერების, Drum School მონაწილეობით, ჩერლიდერების შოუს, ავტომობილურ თამაშს „Pit Stop Challenge,” ასევე სხვადასხვა სპორტულ და ინოვაციურ აქტივობას.
ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 3 ავტომობილი, ოთარ ოთარაშვილის ოჯახის რჩეული ავტომობილი და ფესტივალის საუკეთესო მოტოციკლი.
ფესტივალი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია, თელავში ჩატარდება მეხუთედ.