ქალაქ თელავში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
“ქალაქ თელავში, გასულ ღამეს გადაუღებელი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა, თელავის ხევის ადიდებამ სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხიდის ჩახერგვა და კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა გამოიწვია. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის დაკეტილია. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზარალი ალაზანი – კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, ხოლო ზარალის ზუსტი შეფასება წყლის დონის დაკლების შემდეგ იქნება შესაძლებელი,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.