ლევან ღირსიაშვილი და პლატონ კალმახელიძე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს ეწვივნენ და მონაწილეებს შეხვდნენ.
ლევან ღირსიაშვილმა საუბრისას STEAM განათლების განვითარების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.
მასწავლებელთა ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.