ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის საკოორდინაციო შტაბში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა საკოორდინაციო შტაბში განიხილეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სტიქიის ზონაში და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის შემსწავლელი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობის დახმარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ლაგოდეხის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად.