კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად, დაესწრო გურჯაანის ახალგაზრდულ ფორუმს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
გურჯაანის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-დან 25 წლამდე ასაკის 120 ახალგაზრდა.
ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ, კულტურულ და სამოქალაქო პროცესებში. ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა, იპოვონ თანამოაზრეები და საკუთარი იდეები კონკრეტულ ინიციატივებად აქციონ.
მიმდინარე წელს, ფორუმის თემას წარმოადგენს “ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობები, რისკები და მომავლის პერსპექტივა.”
ახალგაზრდული ფორუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია იმართება და ატარებს ტრადიციულ ხასიათს.