ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შეხვედრის მონაწილეებს ის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ამუშავებს და პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის,  მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
“საუბარი შეეხო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის და განკარგვის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის, გრანტების აღების და გაცემის, ასევე მშენებლობების ნებართვების და ზედამხედველობის საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა განვიხილეთ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხების ათვისება. ასევე, ვიმსჯელეთ სოფლის პროგრამის შესახებ, რომლის თაობაზეც მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საკითხზე მსჯელობისას, აღინიშნა, რომ სოფლის განვითარებისთვის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა, ის ამ ეტაპზე მოდერნიზაციას და გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. საუბარია სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდაზე, რათა სრულად მოიცვას ის საჭიროებები, რაც სოფლის განვითარებას უკავშირდება. შევთანხმდით, რომ დღეს განხილულ საკითხებზე და ასევე, სხვა დამატებით მიმართულებებზე, მსგავსი ფორმატის გაფართოებული შეხვედრა მომავალშიც გაიმართება,” – განაცხადა თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა პარლამენტში, ირაკლი ქადაგიშვილმა.