თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 35:28, დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოპოვებული ხუთი გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობდნენ. კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში იმართებოდა.