თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე, ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს მუნიციპალიტეტის სოფლებში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ძლიერი ქარის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა.
ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში.
ამ დროისთვის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად.
დილიდან თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სხვადასხვა სოფელში ჯამში 15 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული.
დაზიანების ხარისხს შესაბამისი კომისია შეაფასებს, რის შემდეგაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს შესაბამის ზომებს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით.