გურჯაანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ველისციხეში, ახაშენში, ზეგაანსა და მუკუზანში დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აქტიურად აგრძელებს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ისეთ დასახლებებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვადაზე ადრე სრულდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის 24 – საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილეებთან და კახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად.
პროექტის ფარგლებში მოეწყო: სატუმბი სადგურები, რეზერვუარები, საქლორატორო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე რეზერვუარს. მოეწყო წყალმომარაგების მაგისტრალი და ქსელი, დამონტაჟდა აღრიცხვის კვანძები.
ორივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ღირებულებამ ჯამში – 54 მილიონამდე ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლოდან, ოთხივე სოფლის მოსახლეობა – ჯამში 8 600 ბენეფიციარი, 24 – საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.