კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მეღვინეებთან შეხვედრა გამართეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რთველი 2025 – ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, მხარეებმა განიხილეს რთველთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ: სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ – დაავადებულ ყურძენს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდა რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.