თელავში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა უფასო სამედიცინო აქცია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა მოსახლეობას გაუწიეს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ასევე ჩატარდა სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევები. ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.
სამედიცინო აქციას დაეწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, და სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება და მის მიზანს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.