საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ლიდერთა დიალოგში თემაზე – შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას შუა დერეფნის მნიშვნელობასა და ამ მარშრუტში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.
„ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით. აღმოჩნდა, რომ ამ ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 პროცენტს ვიყენებთ, რაც დიდ შესაძლებლობებს გვიქმნის ამ სექტორის გასავითარებლად. გვაქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმა 2036 წლამდე. ჩვენი განზრახვაა, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება გავზარდოთ 4800 მეგავატიდან 11500 მეგავატამდე. ამდენად, გეგმაში გვაქვს 2.5-ჯერ გავზარდოთ ენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი. ეს ამბიციური, თუმცა რეალისტური გეგმაა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შანსი, მოვიზიდოთ ინვესტიციები. დიდი სარგებლის მომტანია ენერგეტიკის სექტორში კაპიტალდაბანდება – განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, საქართველოს მზის და ქარის ენერგიის გამომუშავების სფეროშიც შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვა. ხდება დარგის არსებითი გაუმჯობესება და ამიტომაც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ გეგმის განხორციელების კუთხით. ჩვენი სურვილია, ქვეყანა თვითკმარი გახდეს 2036 წლისთვის. 2036 წლისთვის ვიქნებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და ევროპის ბაზრებს მოვამარაგებთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტრანსფორმაციულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შედეგად დადასტურდა მისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც ტექნიკური, ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ გეგმის განხორციელებას. ეს ძალიან გრძელი წყალქვეშა კაბელი იქნება შავ ზღვაში. 1135 კილომეტრი იქნება მისი სიგრძე. ის საქართველოს დააკავშირებს ევროპის ენერგობაზართან, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში; საქართველო რუმინეთს უკავშირდება შავი ზღვის გავლით და შემდეგ სხვა ქვეყნებს სწვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ვაპირებთ გამომუშავების წარმადობის გაზრდას და სხვა ბაზრებზე ექსპორტზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით ევროპაში. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნება 2036 წლისთვის არსებული ენერგორესურსების პოტენციალის სრულად გამოყენება. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ის პრიორიტეტების ნუსხაში შეიტანა. ეს არის ერთობლივად საინტერესო პროექტების სია. ამით, კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი მისი წარმატებული განხორციელების თაობაზე,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.
„კონსტიტუციაშიც არის გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ ვისწრაფვით. ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. თანმიმდევრულად ვასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს. თანმიმდევრულად განვახორციელებთ ყველა რეფორმას და ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რაც შეთანხმებულია,“ – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა არა მარტო რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 9.3% იყო. ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ყველამ სწორად უნდა შეაფასოს ეკონომიკური წარმატება, რაც იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რასაც ქვეყანა ახორციელებს; ეს იმის შედეგიცაა, რომ კორუფციის დონე საქართველოში რეგიონში ყველაზე დაბალია და ამ კუთხით ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, თუ საქართველოს მიღწევების დადებითი და სამართლიანი შეფასება მოხდება, იმის ენთუზიაზმიც უნდა არსებობდეს, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. საქართველო ბუნებრივად არის ევროპის ნაწილი. მაქსიმუმს ვაკეთებთ წინსვლისა და პროგრესისთვის. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ – საქართველოსა და ევროკავშირს ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად – გარკვეული პოლიტიკური გარემოებების ცვლილების კვალობაზე, ესეც დასრულდება. ევროპის ენერგოუსაფრთხოება კონკრეტული, გლობალური გამოწვევაა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს.
„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ქვეყანა პატარაა, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობას, მაგრამ ამბიციური გეგმები გვაქვს დაკავშირებადობის უნარის და ტრანზიტის შესაძლებლობის გასაძლიერებლად. დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში და 2030 წლისთვის ამ ჩქაროსნული გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობა დასრულებული იქნება. საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და საზღვაო პორტებში. შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ვგეგმავთ ანაკლიაში. ინვესტიცია ხორციელდება აეროპორტების ინფრასტრუქტურაშიც. არსებითად მოხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია დაკავშირებადობის უნარისა და ტრანზიტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ბევრ ქვეყანასთან გვაკავშირებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირთან – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთთან დავაკავშიროთ სხვადასხვა ქვეყანა ეკონომიკურად და სავაჭრო მიზნებისთვის. საკმაოდ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს ქვეყანაში, ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთებით. ყოველივე ეს, კორუფციის დაბალ დონესთან ერთად, ქმნის სარგებელს და შესანიშნავ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გასაზრდელად,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი. პანელურ დისკუსიას დაესწრო აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი ხალიდ ბინ მოჰამედ ალ ნაჰიანი.