გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
„ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს. გავზარდოთ როგორც წარმოების ეფექტიანობა, ისე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. მეხორბლე ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვმუშაობთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებაზე,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში წარმოებულია 145.3 ათასი ტონა ხორბალი, საიდანაც 116.2 ათასი ტონა (დაახლოებით 80%), კახეთის რეგიონზე მოდის. 2025 წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად შირაქის ველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.