საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით კახეთში, ქალაქ თელავში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ. მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა და ახალი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას.
ერთკვირიანი ბანაკი ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს სთავაზობს, მათ შორის თემატურ დისკუსიებს, საგანმანათლებლო სესიებს, გუნდურ სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებსა და შემეცნებით ექსკურსიებს.